წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
თავისუფლებისათვის - წმიდა ალექსი სენაკელი (შუშანია)
01.31.2021 15 სთ 308

წმიდა ალექსი სენაკელი (შუშანია)

თავისუფლებისათვის

თავისუფლება არის მხოლოდ საკუთრება ღვთისა, რომელსაც მხოლოდ ეკუთვნის სახელწოდება ესე, რამეთუ ნებისაებრ მისისა იქმნების ყოველი და არავინ არს, რომელმან ნებასა მისსა წინააღუდგა და დამცა უშალა რა, რომელი იგი მას ნებავს ყოფა.

თავისუფლება ესე არის ხარისხი თავ-მჯდომარეობითი თვით მნებელობისა და ნებისაებრ მისისა განსვენებისა, რამეთუ წინა აღუდგომელად სხვისა ნებისადმი მისისა განისვენებს, რამეთუ იქმს მას, რა იგი მას ნებავს თავისუფლებით.

ეს უდიდებულესი და უაღმატებულესი ხარისხი და საკვირველი ნება თავისუფლებისა ყოვლად სახიერმან გარდასცა კაცობრივსა ბუნებასა და მიანიჭა ეს მაღალი ღირსება, რათა იყოს თავისუფალ და რა იგი უნდეს, მას ზედა განისვენოს, ესე იგი, იცხოვროს თავის ნებით, რომლითა წოდებაცა სახელსა მოენიჭა მას უმეტეს ანგელოზთასა, რამეთუ ანგელოზნი მსახურად არიან წოდებულ, ხოლო კაცი ხატად და მზგავსად ღვთისა.

ჰოი, სიმდიდრეო და უსაკვირველესო ნიჭო კაცობრიობის ბუნებისაო, შენ მაღალ-ხარისხო თავისუფლებავ! რომელიც მხოლოდ ღმერთსა ეკუთვნოდა, იგი შენდაცა იქმნა მონიჭებულ, რომლითა ჭეშმარიტად გეწოდა მსგავსად და ხატად მისა დაბადებული.

ეს დიდებული თავისუფლება ღმერთმან როდესაც მიანიჭა კაცსა, დაუმატა მეორე იგი ნიჭი ძლიერებისა მისისა და გარდასცა თვითმფლობელობითი ძალა გონებრივი, რათა არა თავისუფლებით ცხოვრებული მიერჩდეს ცნობასა ბოროტისასა, არამედ თვით-მფლობელობა ძლიერდებოდეს მის შორის გონიერად, არა ვითარცა იძულებული და ძულ-უნებურად კეთილისადმი მითრეული, არამედ თავისუფლად, ნებლობით კეთილისადმი მფლობელ ექმნეს ნებასა მისსა, ვითარცა მეფე და ვითარცა ნამდვილ ღვთისა მსგავსება.

ამით კაცი იქმნა სრული და თავისუფალი, რომლის ხელმწიფებით ჩვენ ყოველნი ვართ ნებას ჩვენსა ზედა განსვენებულ და მიშვებულ, ესე იგი, ნებისაებრ ჩვენისა ვცხოვრობთ თითოეული თვისისა აღრჩევისადმი. ეს ზემო ხსენებული პატივი კაცისა არა კერძო ღვთისამიერ ვინმეებზედ იქმნა, არამედ საზოგადოდ ერთობით კაცობრივსა ბუნებასა მიენიჭა. მაშ, ნუ უკუე ვინმემ ცთომით სთქვას, რამეთუ ერთი ვინმე კეთილად იყოს ღვთისამიერ ბადებულ და მეორე უკეთურად. ნუ იყოფინ ესრეთი გმობა ღვთის წინაშე! ესე ვითარი განყოფილება კაცად კაცადისა არის თვისივე ნებლობითი, ვითარ იგი ზემო ითქვა თავისუფლების ნიჭით. რა იგი ღმერთმან მიანიჭა კაცსა მას, ღმერთი არ ეხება, არამედ თვით იქმს კაცი ნებასა მისსა, რა იგი მას უნდა. და ესე არს მიზეზი კაცად კაცადისა აღრჩევად და ქმნად კეთილისა, გინა ბოროტისა, თორემ ღმერთსა ყოველი კაცისათვის სურს ერთ-ნაირად აღსვლად დიდებისადმი მისი საღვთო მეცნიერებისა და ცხოვრებისა ვითარცა იტყვის წერილი: „რომელსა ყოველსა კაცთა გნებავნ ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა“.

გულისხმა ვყოთ მიზეზად ბოროტისადმი ჩვენის ცხოვრებისა ჩვილ გონებრივი გემოვნების მიდევნება და სურვილების დაკმაყოფილება და მფლობელი ძალით არა განკვეთა მისი, რამეთუ გაგინა ვინმემ, ძალგიძს ნაცვალი არა აგინო, მტერობა გიყო ვინმემ, გსურს უმტერებ და თუ არ გსურს, არ უმტერებ, ეგეც შენ ნებაზეა. გულმან გითქვა ბოროტი საქმის აღსრულებად, შეგიძლია არ აღასრულო და არ უსმინო და შეგიძლია აღასრულო, ორივე შენს ნებაზედ არის დამოკიდებული. თუ სუსრვილების კმაყოფილების მონა იქმენ, უწყოდე, რამეთუ დაამდაბლე გრძნობიერებითი სიტკბოებისადმი მფლობელობითი ძლიერება შენი და მიმღები და მჭამელი შენი სურვილისა, შიშველი ხარ ღვთივ სამოსელისაგან და მონებ სირცხვილისა. უკეთუ ინებებ და განკვეთ ამ გემოვნებას სულის ძლიერებით და შეიმოს იმ თავისუფლების ნებას მფლობელობითურთ, მაშინ მსრაფლ გამოჩნდება და აღმოეცენება ხე იგი ცხოვრებისა შენ შორის და მიმღები მისის ნაყოფისა იხარებს სული შენი ხელმწიფურად და განგისვენებს მეფურად. და უკეთუ ეს ესრეთ არ იყოს და რომელიმე წასაწყმედად და რომელიმე საცხოვნებელად იყოს დაბადებული ღვთისაგან, მაშინ ღმერთი იქნებოდა მიზეზი და არა კაცი და ესე გმობა არს, რამეთუ რომელი იგი სახიერ არს და მოწყალე, ვითარ მოვიგონოთ მასზედ, რომ ადამიანი დაბადა დაუსრულებელი ტანჯვის შვილად. ანუ უკეთუ ესრეთ არს ღვთისაგანა განგებული ჩემი წაწყემდა და შენი ცხოვნება, მაშინ რა საჭირო იყო ეკლესია, ანუ ქადაგება და ანუა სჯული, რომლების უწყებიდან გვეცნობება დახმარება, შეწევნა, ხასიათის გამოცვლა, სინანული და ცხოვრება. რამეთუ აღსავსეა ნუგეშითა ეკლესია ჩვენი ცოდვილებიე დასახმარებლად: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“. „არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ სინანულით ცხოვრება“. „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“. ამაში ცხადად სჩანს ნება კაცისა და არა წაწყმედად დაბადება.

შეიძლება ვინმეს ეშმაკმან მოუტანოს მოწამედ ამ გვარი ცთომილი აზრის დასამტკიცებლად სახე იუდასი და პეტრესი, რამეთუ პეტრეს ეტყვის მაცხოვარი: „გამოგირჩია შენ აღცრად ვითარცა ფქვილი ეშმაკმან, გარნა მე ვილოცე და განგარინეო, ხოლო იუდა მიეცა საწყალობელი წასაწყმედად“. მრავალ გზის მითქვამს და კვალად ვიტყვი, რომ დიდი დაკვირვება ესაჭიროება ქრისტეს სიტყვებს. ჩვენ აქ დაუკვირდეთ ეშმაკმან როდესაც იუდასთან სავანე გამოიწყო და ჭურად მისა განამზადა, თვით ნებელობით, ვეცხლის სიყვარულით ოთხ-შაბათს განმზრახველმან გაცემისა მან გაათავა თავისი წაწყემის აღრჩევა და ამითი ეშმაკი რა დაკმაყოფილდა, მაშინ მოიქცა თავი მოციქულთან, რათა იგიცა აცთუნოს და შემდეგ სრულიად სამოციქულო კრება აღცრას, ვითარცა იფქლი, გარნა პეტრე არა იყო გონებით ნივთისადმი მხედველ და არცა თავისი კმაყოფილების მძებნელი, არამედ მტკიცე სარწმუნოების მქონი. ხედავ, რას ეტყვის მაცხოვარს, ოდეს ესმა ყოველი დაბრკოლებად ხართო ჩემდამო, ესე იგი არს, მე დამიჭირავენო და თქვენ ყველანი გაიქცევითო. მაგრამ პეტრემ უთხრა: დაღაცათუ ყოველნი დაბრკოლდებო, მე მაინც არ განგეშორებიო. აი ამგვარი სიმტკიცისათვის წინასწარ თქმულობით გამოაცხადა ქრისტემ, რომ თქვა: „ვილოცე და განგარინეო“. აქ თქვენცა ცოტა გონება დააფიქრეთ ხედვისადმი და ნახავთ იუდას მხიარულებით გამცემად ნებითა მისით ვეცხლის სურივლით და პეტრეს მისთანა სიკვდილად აღმთქმელს მწუხარებით. საცნაურ არს ამ ორთა შორის ფრიად განყოფილება თავიანთი ნების აღრჩევისა, რომლებსაც მიენიჭა მათი ნებისდაგვარ: იუდას წაწყმედა და პეტრეს განძლიერება და გამოხსნა წაწყმედისაგან.

აწცა მებევრ ჩვენ ყოველნი მივეცემით ნების ჩვენის დაგვარ მოსაგებელსა ანუ კეთილსა, ანუ ბოროტსა.

ეხლა ჩვენ გადავიდეთ ამ მაღალ სახელის აზრთა რაოდენობაზედ. რამეთუ თავისუფლება აიხსნება სამ ხარაისხით:

პირველი, თვით მფლობელობითი თავისუფლება არის ჭეშმარიტი, ხატებრივი, მაღალ ხარისხოვანი, რომელი იგი მიენიჭა სამოთხის მოქალაქობით ადამს.

მეორე თავისუფლება არის ექსორიობასა შინა ტყვე ქმნილთა მონობისაგან განთავისუფლება, რამეთუ ჩვენ ყოველნი ვართ ტყვე ცოდვისადმი მისყიდულნი და მონად მისდამი, გრძნობათა გემოვნებით მსახურნი, რომლისათვის ასპარეზი ბრძოლისა განწყობილ არს და მებრძოლნი ბნელისანი, ვითარცა ლომნი მყვირალნი, მიმოვალნ შთანთქმად ჩვენდა და ბანაკი მათი ურიცხვი ბოროტ თესლებითა გარე მოგვადგან, ვითარცა იტყვის სული წმიდა ჩვენდა მაგიერად დავითის ბაგით: ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდე მათ“. აი, ძმაო, დაუკვირდი ამ სიტყვის ძალას, თუ ვითარ საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის, რამეთუ ერთი კაცი ყოველი თესლებს, გარე მოდგომილს, ვითარ უნდა მოერიოს! მაგრამ აქ უეჭველად და ცხადად იგულისხმება მაღალ სულობა და კვალად აღსვლა იმ პირველ მფლობელობით თავის უფლებაზედ. რამეთუ ესოდენთა გარე მოდგომილთა თესლებთა შორის სდგას კაცი წმიდა და ძლიერი უვნებელობის ღირსებით, ვითარცა უძლეველი მეფე და მომრევი ყოველი სიბოროტის თესლებისა. ესე არს, ძმაო, ღირსი განკვირვებისა და ესე არს ჭეშმარიტად საქებელ, რომ ექსორიობასა შინა ტყვე ქმნილმან კაცმან მიიღოს თავისუფლება მონებისაგან ამ აურაცხელი გარე მოდგომილი ცოდვის თესლებისაგან.

ხოლო მესამე თავისუფლება არის პირუტყვებრივი: მუცლის და ხორცა გემოვნების მიყოლით იცხოვროს კაცმან, სურვილებით მხოლოდ დაკმაყოფილებისთვის! და ესრეთ გაპირუტყვებულმან ჭამოს, სვას, იძინოს, ცოდვებში იქეიფოს და ყოველ გვარ ზნე-ჩვეულებით განირყვნას, მაშინ ცხადად მიემსგავსა იგი პირუტყვსა! ეს თავისუფლება ბოროტი არის, უკეთური ბელიარის გადმოცემული, რომლის მუშაკნი და თავისუფლების ბოროტად მომხმარნი მიეცემიან საუკუნო სირცხვილსა, რომლისაგან გვიხსნას ყოველნი ღმერთმან. ამინ.