ეკლესიათა დიპტიქში პირველ ადგილზე არის კონსტანტინოპოლის ეკლესია. იგი დაარსებულია მოციქულების – ანდრია პირველწოდებულის, პავლესა და იოანე ღმრთისმეტყველის მიერ. კონსტანტინოპოლის ეკლესია იყო ბიზანტიის იმპერიის – მაშინდელი მსოფლიოს უძლიერესი მართლმადიდებლური სახელმწიფოს ეკლესია. სწორედ ამან განაპირობა მისი პირველი ადგილი ეკლესიათა შორის. მოგვიანებით კონსტანტინოპოლის ეკლესია იღებს მსოფლიო საპატრიარქოს სახელს, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით იგი კანონიკურად მოექცა მართლმადიდებელ ეკლესიათა სათავეში. უბრალოდ, ეს ტიტული გამომდინარეობს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ფუნქციებიდან და მისი მასშტაბიდან. ასევე საყურადღებოა ერთი გარემოებაც: კონსტანტინოპოლის ეკლესიას ხშირად უწოდებენ ეკუმენიკურ საპატრიარქოს, რაც მსოფლიო საპატრიარქოს ბერძნული შესატყვისია (οικουμ̠νίκος – მსოფლიო). აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ეკუმენიკური ეკუმენურისაგან. როგორც აღვნიშნეთ, ეკუმენიკური ნიშნავს მსოფლიოს და კავშირიში არ არის ეკუმენურ მოძრაობასთან.
მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრი არის სტამბოლი (კონსტანტინოპოლი), მისი იურისდიქცია კი ვრცელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მრევლის ოდენობა დაახლოებით 2,5 მლნ-ია, აქედან 20 ათასამდე თავად თურქეთის რესპუბლიკიდან. მსოფლიო საპატრიარქოს ასევე კანონიკურად ექვემდებარება კუნძული კრეტა (საბერძნეთის რესპუბლიკა). მსოფლიო საპატრიარქოს ექვემდებარება ფინეთის ავტონომიური ეკლესია. კონსტანტინეპოლის ეკლესიაში მოქმედებს ახალი, ე.წ. შესწორებული იულიუსის კალენდარი.
ყოვლადუწმიდესი
ბართლომეოს I
კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი და
მსოფლიო პატრიარქი
ერში – დიმიტრიოს არქონდონისი.
დაიბადა 1940 წლის 29 თებერვალი, თურქეთის კუნძულ იმბოსზე.
განათლება მიიღო: რომის გრეოგირიანას უნივერსიტეტში (საეკლესიო სამართლის დოქტორი), შემდგომ ბოსეს ეკუმენურ ინსტიტუტში (შვეიცარია) და გერმანიაში, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში.
1973 წლის 25 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად ფილადელფიის მიტროპოლიტის ტიტულით.
1990 წელს დაინიშნა ქალკედონის მიტროპოლიტად.
1991 წლის 22 ოქტომბერს არჩეულ იქნა კონსტანტინეპოლის პატრიარქად, ინტრონიზაცია შედგა 2 ნოემბერს.
საპატრიარქო რეზიდენცია და საკათედრო ტაძარი მდებარეობს კონსტანტინეპოლში (სტამბული).