წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი
St. Nikodemus the Hagiorite’s Church News and Theology Center
ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის ოკუპირებულ ნაწილში შექმნილი საეკლესიო ვითარების შესახებ
01.30.2021 10 სთ 319
ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის ოკუპირებულ ნაწილში შექმნილი საეკლესიო ვითარების შესახებ
 
I ნაწილი - "ალანიის ეპარქია"
 
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საეკლესიო მდგომარეობა გარკვეულწილად მსგავსებას პოულობს აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან.
ცხინვალში „საეკლესიო მომავალს“ ორი მიმართულებით ხედავენ: რუსეთის საპატრიარქოს წიაღში ან დამოუკიდებელი, ადგილობრივი ეკლესიის შექმნა.
ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეებს სურთ გამოეყონ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ცხადია მათ სურვილს გარკვეული არგუმენტებით ამყარებენ.
 
პირველი ვერსია - შუა საუკუნეებში არსებობდა ალანიის მიტროპოლია, რომელიც პატრიარქ ნიკოლოზ მისტიკოსის მიერ შეიქმნა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა. მან XIV საუკუნემდე იარსება და ალანიის სახელმწიფოს ბედი გაიზიარა. ბერძნებმა კათედრა შეინარჩუნეს და დროებით ტრაპიზონში გადაიტანეს იმ იმედით, რომ მას აღადგენდნენ.
 
მეორე ვერსია - „ალანიის ეპარქიის“ ცენტრი მდებარეობდა დღევანდელ ყარაჩაი-ჩერქეზეთში. „ეპარქია“ დამოუკიდებელი იყო 1801 წლამდე. როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო (თავად ამბობენ, რომ მთლიანი საქართველო შევიდა რუსეთის შემადგენლობაში 1801 წ.) დაიპყრო რუსეთმა, მთელი ეს რეგიონი დაემორჩილა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.
 
1990 -იანი წლების დასაწყისში ოსი სასულიერო პირები შეეცადნენ შესულიყვნენ მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში, თუმცა უარი მიიღეს. ამის შემდეგ მათ მიმართეს და გაწევრიანდნენ რუსეთის ემიგრაციულ ეკლესიაში. ამ უკანასკნელის დაბრუნების შემდეგ რუსეთის საპატრიარქოს შემადგენლობაში, ე.წ. „ალანიის სამღვდელოება“ გამოეყო მათ. 2005 წ. ოსმა მორწმუნეებმა გადაწყვიტეს კავშირი არ ჰქონოდათ არც ქართულ და არც რუსულ ეკლესიებთან და მიმართეს საბერძნეთის ერთ-ერთ სქიზმატურ საკრებულოს - „ძველმესტილეთა ეკლესიას”, რომელიც 1984 წ. დაფუძნდა ათენში (ე.წ. „ქრიზოსტომოსის სინოდი“).
 
ე.წ. „ალანიის ეპარქია“ შეიქმნა 2003 წ. მთავარ ტაძარს წარმოადგენს ქ. ცხინვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. ეპარქიის პირველი მეთაური გახლდათ ძველმესტილეთა ეკლესიის ეპისკოპოსი გიორგი პუხატე.
 
ეპარქია 2011 წლიდან გადაიბარა ეპისკოპოსმა ამბროსი ბერდმა. იგი 1998 წლიდან რეგულარულად სტუმრობდა რეგიონს. 2003 წ. მაშინდელმა „პრეზიდენტმა“ კოკოითმა მიანიჭა „რესპუბლიკის“ მოქალაქეობა. 2017 წელის 22 სექტემბერს ამბროსი ბერდმა საზოგადოებას ამცნო დამოუკიდებელი, ადგილობრივი „ალანიის სახელმწიფოს მართლმადიდებელი ეკლესიის“ დაფუძნების შესახებ.
2018 წლის 18 აპრილს ამბროსი ბერდს ოსმა მესაზღვრეებმა ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს პასპორტი. ეს ფაქტი ამბროსისა და ე.წ. „რესპუბლიკის პრეზიდენტის“ - ანატოლი ბიბილოვის, დაპირისპირების გაგრძელებაა. საქმე ის არის, რომ ბიბილოვი რამდენჯერმე შეხვდა ეპისკოპოს ამბროსის და ცდილობდა დაერწმუნებინა, რათა ის შეერთებოდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ბიბილოვი პირველია ცხინვალის მეთაურებს შორის, რომელიც სადღესასწაულო მსახურებებს რუსულ ეკლესიაში ესწრება და არა ე.წ. „ალანიის ეპარქიის“ კუთვნილ ცხინვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.
 
ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი ეკლესიის ჩამოყალიბების მეორე მეთაური და აქტიური შემოქმედია „ეპარქიის“ მთავარხუცესი, დეკანოზი იაკობ ხეთაგუროვი. იგი ცხინვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობს. მღვდლად ხელი დაასხა ამბროსი ბერდმა. ხეთაგუროვი ინტერვიუებში მუდმივად აცხადებს, რომ სახელმწიფო დონეზე უნდა დადგეს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ „ალანიის მართლმადიდებელი ეკლესიის“ აღდგენის საკითხი.
 
II ნაწილი - რუსეთის საპატრიარქო ცხინვალში
 
2015 წლის 2 ივლისს ქ. ცხინვალში ე.წ. „რესპუბლიკის“ ე.წ. „პრეზიდენტს“ - ლეონიდ თიბილოვს, შეხვდა ვლადიკავკაზისა და ალანიის მაშინდელი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე ოსტაპენკო (რუსეთის საპატრიარქო). თავად თიბილოვმა განაცხდა, რომ ტაძრის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს 2014 წლის 10 სექტემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესთან შეხვედრისას. მშენებლობის გარდა ისაუბრეს მოსკოვის საპატრიარქოს კლირიკოსების მსახურების შესაძლებლობაზე ე.წ. “რესპუბლიკის” ტერიტორიაზე. 2008 წ. რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა - დიმიტრი მედვედევმა, ფინანსური დახმარება გამოუყო სეპარატისტებს საკათედრო ტაძრის აშენებისთვის.
 
ქ. ცხინვალში, ა. ჯიოევის ქუჩაზე, ეკლესიის მშენებლობა 2016-2017 წწ. დაიწყო „ანდრია პირველწოდებულის სახელობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. ფონდი ე.წ. „სამხრეთ ოსეთში 2009 წ. დარეგისტრირდა, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციამ აღიარა სეპარატისტული წარმონაქმნის დამოუკიდებლობა. ყოვლადწმიდა სამების სახელობის რუსული ეკლესიის სიმაღლე 23,8 მეტრია, საერთო ფართობი - 638 კვად. მ. გათვლილია 400 ადამიანზე. გარე ფასადი მოპირკეთებულია სომხური ტუფით. არქიტექტურულად ბიზანტიურ სტილშია აგებული. მსახურებები 2017 წლის ბოლოდან მიმდინარეობს. ე.წ. „პრეზიდენტის“ მრჩევლის რელიგიურ საკითხებში - სონია ხუბაევას განცხადებით, ახალი ტაძრის პროექტი პირადად პატრიარქმა კირილემ შეარჩია. მისივე თქმით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ვლადიკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოსმა ლეონიდემ რამდენიმე დღით წმინდა ნაწილები მოაბრძანა.
 
მეუფე ლეონიდე სწავლობდა ლენინგრადის სასულიერო სემინარიაში; მოგვიანებით ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე; 2003-2004 წწ. იყო იერუსალიმში რუსული სასულიერო მისიის წევრი; 2004-2016 წწ. გახლდათ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი ალექსანდრიის საპატრიარქოში; 2016 წლის 3 ივნისს გამართული წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით დაინიშნა ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის წინამძღოლად; 2016 წლის 27 დეკემბრიდან არის სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების მმართველი; 2019 წლის 17 დეკემბრიდან არის რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.
 
ამჟამად ტაძრის წინამძღვარია მღვდელი სერგი კოკოევი, რომელიც მთავარეპისკოპოს ლეონიდეს ეპარქიის კლირიკოსია. ერისკაცობაში, 2004-2008 წწ. მონაწილეობდა სამხედრო-საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს წინააღმდეგ; თადარიგის მაიორი; 2010 წლიდან "სამხრეთ ოსეთში მართლმადიდებლობის აღორძინების ფონდის" ხელმძღვანელი; 2013 წლის 12 ივლისს, ქ. ვლადიკავკაზში, ვლადიკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ დიაკვნად, ხოლო 23 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი.